ჩინეთი

რეგიონში ისლამის ჩინეთიზაცია შეუქცევადია – სინძიანის რეგიონში ჩინეთის კომპარტიის მდივანი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მდივანმა სინძიანის რეგიონში, მა სინძუიმ თქვა, რომ მუსლიმი მოსახლეობით დასახლებული რეგიონის "ჩინეთიზაცია" შეუქცევადი პროცესია. ამის შესახებ ჩინელმა მაღალჩინოსანმა ჩინეთის ყოველწლიურ საპარლამენტო სესიის დროს ისაუბრა. 

"ყველამ იცის, რომ საჭიროა სინძიანში ისლამის ჩინეთიზაცია, ეს შეუქცევადი ტრენდია" –ამბობს მა ჟურნალისტებთან. 

პრესკონფერენციის დროს, მამ და სხვა რეგიონულმა წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს სინძიანის ეკონომიკური განვითათარება და უარყვეს აშშ-ის ბრალდებები, რომ რეგიონში ხდება ეთნიკური უმცირესობების შრომითი უფლებების მკვეთრი დარღვევა და ადგილი აქვს "ულტურულ გენოციდს". 

მას თქმით, რეგიონში კვლავ არსებობს ეთნიკური სეპარატიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და ტერორისტული ძალები, თუმცა, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ განვითარებას. 

ჩინეთს წლების მანძილზე ბრალად ედება სინძიანის პროვინციაში მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სპეციალურ "საგანმანათლებლო" ბანაკებსა და ციხეებში მოთავსება, სადაც მათი უფლებები უხეშად ირღვეოდა. 

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია.

ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. გარდა ამისა, ხშირი იყო არაადამიანური მოპყრობის, იძულებითი შრომისა და წამების შემთხვევებიც. 

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ევროპის ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის მიერ სინძიანში უიღურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადეს

ოფიციალური პეკინი უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებას "ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას" და საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, აშშ-მ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა
 

კომენტარები