რუსული კანონი

სტუდია მონიტორი: ვოლსკის შვილმა 2019 წელს აშშ-ში $476 000-ად სახლი იყიდა

Facebook / სტუდია მონიტორი・Studio Monitori

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შვილმა, სანდრო ვოლსკიმ 2019 წელს აშშ-ში, ვაშინგტონში სახლი შეიძინა.

სანდრო ვოლსკი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში, Culmen International-ში უფროს მრჩევლად მუშაობს. 

გია ვოლსკი ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. 

24 მაისს აშშ-მ რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა.

ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ ინიციირებული "ქართველი ხალხის აქტის" კანონპროექტისა და ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული "MEGOBARI Act" კანონპროექტის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა დააანონსა.

სავიზო შეზღუდვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, "პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში", სავიზო შეზღუდვა გავრცელდება ამ პირების ოჯახის წევრებზეც.

იმ პირების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ, ჯერ გამოქვეყნებული არ არის. ასევე, ბლინკენის განცხადების მიხედვით, მოხდება აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. 

კომენტარები