რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგია უკრაინას ავიაგამანადგურებელ F-16-ს გადასცემს

ბელგიისა და ნიდერლანდების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Jerry Lampen/Getty Images

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის თქმით, ბელგია უკრაინას 2028 წლისთვის 30 F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს.

ლაბიბმა დაამატა, რომ მიწოდება წელსვე დაიწყება და პირველ თვითმფრინავს უკრაინას "წლის ბოლომდე" გადასცემენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამის შესახებ დღეს, 28 მაისს ოფიციალურ შეთანხმებას დადებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით ჩავა. 

ამასთან, ბელგიის თავდაცვის სამინისტრო ავიაგამანადგურებლებს საბრძოლო მასალით თავისი მარაგებიდან მოამარაგებს.

ლაბიბის თქმით, უკრაინის დახმარება საჭიროა პუტინის შესაჩერებლად, რომელიც, მისი აზრით, მიზნად ევროპული ქვეყნების საზღვრებზე იერიშს ისახავს.

"თუ პუტინს თავისი გზის გაგრძელების საშუალებას მივცემთ, არ არის შეუძლებელი სცენარი". - თქვა ლაბიბმა ბრიუსელში რუსული ტანკების შეჭრის შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები