რუსეთი

მედია: რუსეთის მე-20 არმიის მეთაური, გენერალი სუხრაბ ახმედოვი თანამდებობიდან დაითხოვეს

სუხრაბ ახმედოვი
Rbc.ru

რუსული მედიის ცნობით, მე-20 არმიის მეთაური, გენერალი სუხრაბ ახმედოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე ახმედოვის დათხოვნის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ახმედოვი ორჯერ მოექცა სამხედრო კორესპონდენტებისა და მილიტარისტების ყურადღების ცენტრში.

2022 წლის ნოემბერში 155-ე ბრიგადის სამხედროებმა პრიმორსკის რეგიონის გუბერნატორს, ოლეგ კოჟემიაკოს შესჩივლეს, რომ ოთხდღიანი იერიშის დროს 300-დე ჯარისკაცი დაკარგეს, რაც მათი აზრით, მეთაურების, რუსტამ მურადოვისა და სუხრაბ ახმედოვის გაუგებარი გადაწყვეტილებების ბრალი იყო. 

2023 ივნისში სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში უკრაინულმა არტილერიამ საზეიმოდ მოწყობილი სამხედროები დაბომბა, რომლებიც 2 საათის განმავლობაში ახმედოვის მოსვლას ელოდებოდნენ. შეტევის შედეგად დაიღუპა 100-დე ადამიანი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. 


რუსეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხი მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსანი და არმიის ყოფილი მეთაური დააკავეს.

აპრილის ბოლოს სახელმწიფო დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინამდვილეში, ივანოვის წინააღმდეგ "სახელმწიფო ღალატის" მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. 

14 მაისს დააკავეს შოიგუსთან დაახლოებული სამხედრო პირი, თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი.

21 მაისს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი. პოპოვი თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, რის გამოც მას გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა "პანიკოირი" უწოდა. გენერალ-მაიორი 2023 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

23 მაისს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, კავშირგაბმულობის მართვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი. მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

24 მაისს მოსკოვის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი მომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ვერტელეცკის დაკავების ორდერი გასცა. მაღალჩინოსანს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

გარდა ამისა, შოიგუს გადაყენების შემდეგ შეიცვალა მისი მოადგილე იური სადოვენკო. თანამდებობა ასევე დატოვა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ.

თავად შოიგუ ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან 12 მაისს გადააყენა, მისი ადგილი ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავა. ამჟამად ყოფილი თავდაცვის მინისტრი შოიგუ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს.

კომენტარები