რუსეთი

რუსეთში 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ივან პოპოვი დააკავეს

ივან პოპოვი
RTVI

რუსეთში 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, პოპოვმა თითქმის 2 ტონა მეტალის კონსტრუქციები გაყიდა, რომლებიც ზაპოროჟიეს მიმართულების გამაგრებისთვის იყო გამოყოფილი. გენერალი იმ პერიოდში ზაპაროჟიეს დაცვას ხელმძღვანელობდა.

პოპოვთან ერთად საქმეში ფიგურირებს ბიზნესმენი კრასნოდარის ოლქიდან. ზარალი სავარაუდოდ 100 მილიონ რუბლს შეადგენს. საქმე ორგანიზებული თაღლითობის მუხლით განიხილება.


პოპოვი 58-ე არმიის ხელმძღვანელობიდან 2023 წლის ივლისში გაათავისუფლეს. როგორც თავად სამხედრო ამბობდა, ის "სიმართლის" გამო გაუშვეს, რადგან "უფროსობისთვის გულის მოგებაზე" უარი თქვა.

"გულწრფელად გეუბნებით, უმაღლეს მეთაურობასთან რთული ვითარება გაჩნდა, ან უნდა გავჩუმებულიყავი, გამომეჩინა გულწრფელობა და მეთქვა ის, რის გაგებაც მათ სურდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დამერქმია". – თქვა პოპოვმა მიმართვაში. 

58-ე არმიის ყოფილი მეთაურის მტკიცებით, მან "მკაცრად" გაუსვა ხაზი რუსეთის არმიის ყველა პრობლემურ საკითხს.

"ყურადღება გავამახვილე თანამედროვე ომის ყველაზე მთავარ ტრაგედიაზე – კონტრბატარეული ბრძოლისა და საარტილერიო დაზვერვის სადგური არარსებობა, ჩვენი ძმების მასობრივი დაღუპვა და დაშავება მოწინააღმდეგის არტილერიის შედეგად". – თქვა პოპოვმა.

ტელეგრამ-არხ Grey Zone-ის ცნობით, 58-ე არმიის მეთაური მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფებში როტაციის ჩატარება შესთავაზა. Grey Zone-ის ცნობით, ანგარიშის პასუხად გერასიმოვმა თქვა, რომ პოპოვი "დაკავებულია დეზინფორმაციითა და პანიკიორობით".

რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის გარნიზონი ვლადიკავკაზში მდებარეობს. არმიის მე-5 ბატალიონი აქტიურად იყო ჩართული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

კომენტარები