რუსეთი

რუსეთში თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

ვლადიმირ ვერტელეცკი
Svoboda.org

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვითი მომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ვერტელეცკის დაკავების ორდერი გასცა.

საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით ვერტელეცკიმ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და ერთ-ერთი სამხედრო შესყიდვის შესრულებისას სახელმწიფო ბიუჯეტი 70 მილიონი რუბლით დააზარალა. 

რუსეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხი მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსანი და არმიის ყოფილი მეთაური დააკავეს.

აპრილის ბოლოს სახელმწიფო დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინამდვილეში, ივანოვის წინააღმდეგ "სახელმწიფო ღალატის" მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. 

14 მაისს დააკავეს შოიგუსთან დაახლოებული სამხედრო პირი, თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს ხელმძღვანელი იური კუზნეცოვი.

21 მაისს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს 58-ე არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი. პოპოვი თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, რის გამოც მას გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა "პანიკოირი" უწოდა. გენერალ-მაიორი 2023 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

23 მაისს ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე, კავშირგაბმულობის მართვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი. მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი.

გარდა ამისა, შოიგუს გადაყენების შემდეგ შეიცვალა მისი მოადგილე იური სადოვენკო. თანამდებობა ასევე დატოვა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა როსიანა მარკოვსკაიამ.

თავად შოიგუ ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან 12 მაისს გადააყენა, მისი ადგილი ანდრეი ბელოუსოვმა დაიკავა. ამჟამად ყოფილი თავდაცვის მინისტრი შოიგუ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს.

კომენტარები