რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს მეთაური დააკავეს

იური კუზნეცოვი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ბრალდება. რუსულ სამთავრობო მედიასთან საუბარში წყარომ მხოლოდ ის თქვა, რომ სისხლის სამართლის დარღვევას იძებს საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო მთავარი სამმართველო და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მიღების შესახებ უკვე მიმართეს. კუზნეცოვის სახლი და სამუშაო ადგილი გაჩხრიკეს.

ტელეგრამ-არხმა BAZA-მ ყურადღება გაამახვილა, რომ 13 მაისს მოსკოვის 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლოში გაიმართა სხდომა თავდაცვის სამინისტროს პერსონალის დეპარტამენტის მეთაური კუზნეცოვის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შესახებ. შეხვედრის შედეგები უცნობია.

Z-ბლოგერების არხი Рыбарь-ი წერს, რომ გამოძიების ყურადღება მიიპყრო კუზნეცოვის წინა სამუშაომ, როცა ის სახელმწიფო საიდუმლოებათა დაცვის სამსახურის მეთაური იყო.

კუზნეცოვი კადრების სამმართველოს მეთაურის პოზიციას 2023 წლის მაისიდან იკავებდა. აქამდე, 2010 წლის მაისიდან ის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მე-8 სამმართველოს მეთაური იყო. ეს სამმართველო მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საიდუმლოების საკითხებზე. 

2024 წლის აპრილის ბოლოს დააკავეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი, რომელიც უწყების სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელმძღვანელობდა. მას ბრალად ედება დიდი ქრთამის აღება. მედიებში კი გავრცელებული იყო ცნობები, რომ შესაძლოა დაკავების რეალური მიზეზი სახელმწიფო ღალატი იყო, რასაც ივანოვის ადვოკატი არ ადასტურებდა.

12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობიდან გადააყენა სერგეი შოიგუ და ის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. თავდაცვის მინისტრად კი დაინიშნა ყოფილი ვიცეპრემიერი ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ბელოუსოვი. რაც შეეხება პუტინის ახლო მოკავშირესა და დიდი გავლენების მქონე ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე გადაიყვანენ მას.

კომენტარები