ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ICC-ის დასასჯელად ყველა ზომას განვიხილავთ, მათ შორის სანქციებს – ჯონსონი

მაიკ ჯონსონი

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორების მიერ ისრაელელი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერების მოთხოვნის ფონზე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ მათ წინააღმდეგ ზომებს განიხილავენ. 

"ისრაელი სამართლიან ომს აწარმოებს თავისი თავის გადასარჩენად, ხოლო ICC ცდილობს, ისრაელელი მაღალჩინოსნები ბოროტ ტერორისტებთან გააიგივოს, რომლებმაც 7 ოქტომბრის ხოცვა მოაწყვეს. თეთრი სახლის მხრიდან ლიდერობის ნაკლებობის ფონზე, კონგრესი ყველა შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის სანქციებს, რათა ICC დასაჯოს და უზრუნველყოს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ შედეგები იწვნიოს, თუკი ასე განაგრძობენ". - თქვა ჯონსონმა. 

მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმაც. 

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა, რომ "გამალებით იმუშავებენ კოლეგებთან ორივე ფრთიდან ორივე პალატაში, რათა ICC-ს დამღუპავი სანქციები დააკისრონ". 

გარდა ამისა, რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა თქვა, რომ "ხანის "კენგურუს სასამართლოს" ისრაელში არანაირი იურისდიქცია არ აქვს, რომ ეს ანტისემიტურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებები წარადგინოს". მისი თქმით, "უზრუნველყოფს, რომ ვერც ხანმა, ვერც მისმა პარტნიორებმა და ვერც მათმა ოჯახებმა აშშ-ში ფეხი ვეღარ დადგან".  

სენატორ ჯიმ რიშის შეფასებით, ICC-ის ვერდიქტი "აბსურდულია" და ჰამასის ლიდერებისა და ისრაელელი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერის მოთხოვნა ორი ჯგუფის ქმედებებს შორის "ყალბ მორალურ ტოლობას" სვამს. 

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ICC-ის წინააღმდეგ რიგი ზომები წარადგინეს.

გადაწყვეტილებას დემოკრატი სენატორებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შამერი. 

"არასდროს არ ყოფილა და ვერასდროს ვერ იქნება რაიმენაიარი ტოლობა ჰამასის ბარბაროსობასა და ისრაელის უფლებას შორის, ტერორისგან თავისი თავი დაიცვას". - თქვა შამერმა. 

დაკავების ორდერი სენატორმა კირსტენ გილიბრანდმა და წარმომადგენლებმა ჰაკიმ ჯეფრისმა, რიჩი ტორესმა, ჯერი ნადლერმა და სხვებმაც დაგმეს.

"პროკურორის მიერ ტოლობის დასმა ისრაელსა და ჰამასს, ტერორისტულ ორგანიზაციას შორის, რომელიც აუპატიურებს, ხოცავს და იტაცებს უდანაშაულო ადამიანებს, სრულიად სამარცხვინოა". - თქვა გილიბრანდმა. 

ზოგმა დემოკრატმა ICC-ის გაცემულ ორდერს მხარი დაუჭირა.

"თუ ნეთანიაჰუ კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგება, ყოვლად მოხარული ვიქნები, რომ ICC-ს წარმომადგენელთა პალატის დარბაზისკენ გზა მივასწავლო, რათა ეს ორდერი გასცენ. იგივე ჰამასის ლიდერის შემთხვევაშიც". - დაწერა დემოკრატმა წარმომადგენელმა, მარკ პოკანმა X-ზე. 

ICC-ს გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა.

"მოდით, ცხადად ვიტყვი: რასაც არ უნდა გულისხმობდეს პროკურორი, არ არსებობს არანაირი სითანაბრე ისრაელსა და ჰამასს შორის. უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით მუდამ ისრაელის გვერდზე ვიდგებით". - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

აქამდე პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც და ფაქტს "სამარცხვინო" უწოდა.

ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰააგის სასამართლოში პროკურორები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ორდერს ითხოვენ. 

კომენტარები