რუსული კანონი

მდინარაძე MEGOBARI Act-ზე: ერთდროულად შეიცავს მუქარასა და ქვეყანასთან სუვერენიტეტზე ვაჭრობას

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე MEGOBARI Act-ს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში, აშშ-სგან ვიზალიბერალიზაციასა და მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს. მდინარაძემ ინიციატივა მუქარად და "სუვერენიტეტზე ვაჭრობად" შეაფასა.

  1. "ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ, დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.
  2. ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარასა და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას - სანქციებით, ვაჭრობას - ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებითა და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით.
  3. რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანი ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივებაა. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.
  4. წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედსა და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც.

სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლაც, თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობებიც და პირდაპირი ფრენებიც გაიხსნას ყოველგვარი ვაჭრობისა და მუქარის გარეშე, რაც ჩვენი არაერთგზის მოწოდებაც იყო. სანაცვლოდ გაუმჭვირვალობისა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე აქამდე უსაფუძვლო უარი ზემოთ ჩამოთვლილ პარტნიორულ საკითხებზე.

ეს ყოველწლიური, გამუდმებული, ხელოვნური ტურბულენტობა და რევოლუციების მცდელობები ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და ჩვენ მეგობრებისგან ამაში მხრდაჭერას ველით და არა პირიქით". - წერს მდინარაძე Facebook-ზე.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს.

კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act - საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, კურსის ცვლილების შემთხვევაში განიხილება საქართველოსთვის ვიზელიბერალიზაციის საკითხიც.

კომენტარები