რუსული კანონი

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა - ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

"საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს" - აღნიშნავს ადმინისტრაცია.

რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოლო ერთ კვირაში რამდენჯერმე თქვა, რომ ვეტოს პროცედუროს ფარგლებში შესაძლებელია "პოზიციების შეჯერება". კობახიძე ამბობს, რომ 14-28 მაისის პერიოდში შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.

"ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი... მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი... პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში... [მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი" - თქვა კობახიძემ.

თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "კანონის გასაპატიოსნებლად" თამაშში შესვლას არ აპირებს. მან ეს 15 მაისს ბალტიის ქვეყნების და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორა.

"მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაცა ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში, არა და არასოდეს, მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, რომ გზა გაეხსნას, მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთერთი ფორმა.

ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო, დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი" - თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები