რუსული კანონი

IBSU: რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოვიწვიეთ

შავი ზღვის უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვიეს. 

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია" - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში. 

ცოტა ხნის წინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც "შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული სტუდენტის ინტერესის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი აგრძელებს სასწავლო პროცესს, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესებში ჩართულ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში".

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა. 

განათლების ხარისხის განივთარების ცენტრის განცხადების გავრცელების შემდეგ, ცენტრის სამი თანამშრომელი - ლუკა ბერაია, გიორგი ოდოშაშვილი და ნინო დოლიძე - პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებენ. 

14 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა. 

13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს. 

გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები