ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს და კომიტეტს ვერ მიუსწრეს.
"ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს.
ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. როგორც დეკანოიძე ყვება, პოლიციელებმა კიბეებზე შეაყოვნეს და მათ არ მიეცათ საშუალება სხდომას დასწრებოდნენ, სხდომა კი ერთ წუთსა და შვიდ წამში დასრულდა.
"ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს" - თქვა დეკანოიძემ.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. სხდომაზე ერთადერთი "ოპოზიციონერები" ევროპელი სოციალისტები იყვნენ
ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 14 მაისს ჩატარდება, სადაც რუსულ კანონს III მოსმენით მიიღებენ.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.





