რუსული კანონი

რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით 13 მაისს განიხილავენ

REUTERS/Irakli Gedenidze

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავენ.

"პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი ორშაბათს, 13 მაისს განვიხილავთ". - წერს ოხანაშვილი Facebook-ზე.

პარასკევს, 10 მაისს, რომელიც მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის რუსული კანონი არ არის.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

30 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა სცადა. მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დააკავეს აქციის ათობით მონაწილე. სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დემონსტრანტებს. სცემეს პოლიტიკოსებიც, მათ შორის, უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.

ძალადობის მიუხედავად, აქცია არ დაიშალა. სამოქალაქო წინააღმდეგობა 1-ელი მაისის დილის 4 საათამდე გაგრძელდა. სპეცრაზმმა უკან დაიხია, მომიტინგეებმა კი კვლავ დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 1-ელ მაისს, დილით, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც აქციის დაშლის მცდელობისას 63 პირი დააკავეს.

1-ელ მაისს, საღამოს 8 საათზე, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო. პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა. იმავე ღამეს, ხელისუფლებამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა "სპეციალური საშუალებების გამოყენებით" კიდევ ერთხელ სცადა.

კომენტარები