რუსული კანონი

ვაშაძე ოცნებას: თქვენი აღარავის ეშინია, დამთავრებულები ხართ

სტრატეგია აღმაშენებლი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე 29 აპრილს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. ვაშაძე ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდის სისუსტის მაჩვენებელია და აცხადებს, რომ მათი აღარავის ეშინია, რადგან ოცნება "დასრულებულია".

"ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა, რომ 29 აპრილს საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს. რას აპროტესტებთ? რისთვის კრებთ, ეს ადამიანები თბილისში იძულებით რომ ჩამოგყავთ? რას ითხოვთ? რომ ევროკავშირში არ შევიდეთ? თუ კონტრაქციას უწყობთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ? გგონიათ, ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ხალხი აქციაზე თვითდინებით მოდის? ყველამ ხო კარგად იცის, გინდათ, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი.

სავარაუდოდ, მეორე საკომიტეტო მოსმენა სწორედ 29-ში იქნება და როდესაც აქციას ამის პარალელურად ატარებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხარ. მაგრამ, ერთი რამ იცოდეთ - თქვენი აღარავის აღარ ეშინია, დამთავრებულები ხართ. რეალობას მოწყვეტილი ადამიანები ხართ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ". - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძემ საჯარო მოხელეებსაც მიმართა და უთხრა, რომ თუ მათ აშინებენ და აშანტაჟებენ, დაუკავშირდნენ და ისინი გვერდში დაუდგებიან. 

"თუ ვინმე სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერას მოგთხოვთ, ხელი არ მოაწეროთ და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ". - მიმართა ვაშაძემ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს.

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს, 20:00 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს "ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას".

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები