რუსული კანონი

800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს – მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ოცნების კონტრაქციაზე

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, ლევან სურმავა
მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის, ქართული ოცნების წევრის, ლევან სურმავას თქმით, ოცნების მიერ 29 აპრილს დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციაზე თბილისში 800 კაცის ჩამოყვანა დაავალეს.

სურმავას დაუკავშირდა მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს თავი ქართული ოცნების რეგიონების ოფისის წევრად წარუდგინა და ჰკითხა, აქციისთვის ხომ არ დაუწყიათ სიების გამზადება. 

"ხვალ თათბირი უნდა იყოს და მერმა ასე თქვა, რომ გვეტყვიანო და ჯერჯერობით არ დაგვიწყია [სიების გამზადება]... ჯერ თათბირი უნდა ჩავატაროთ, დავიბაროთ სოფლის წარმომადგენლები. რახან ორშაბათი არის, განსასაზღვრია შვებულებები... ჩვენ 800 კაცი დაგვავალეს... წინაზეც, მე მგონი, 800 კაცი წავიყვანეთ, თუ 700, არ მახსოვს... თავისუფლებაზე რომ ვიყავით, ორჯერ თან... არანაირი პრობლემა არ არის, დავორგანიზდებით... ხუთშაბათი-პარასკევს გექნებათ სია სახელების და გვარების და მანქანის ნომრების მიხედვით, მარშუტკებში ვინ, როგორ და რანაირად". - უთხრა სურმავამ მთავარ არხს.

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს "ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას".

საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

კომენტარები