რუსული კანონი

იუკნევიჩიენე: ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, თქვენ ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე მთავარ არხთან რუსულ კანონსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა - იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველო დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება. 

"თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი მომენტია და არჩევანი ახლა უნდა გაკეთდეს. მანიპულაციაა, როდესაც თქვენი მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის - ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ ანაღვლებს და სწორედ ამიტომ მიუბრუნდა ახლა ამ რუსული სტილის კანონს.

თქვენი მთავრობა მუდმივად გვაკრიტიკებდა, რომ მხოლოდ ზოგიერთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს მათ. სინამდვილეში კი სოციალისტებმაც გარიცხეს თავიანთი რიგებიდან ქართული ოცნება, ასე რომ ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, ალბათ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის გარდა, რომელიც სულ უფრო პრორუსი პოლიტიკოსი ხდება და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს" - თქვა იუკნევიჩიენემ - მთავარი არხის თარგმანი.


ქართული ოცნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის პარალელურად პარლამენტში დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ივანიშვილის პარლამენტს სურს, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს.  

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

 

კომენტარები