რუსული კანონი

ნოდია: როგორც ჩანს, გიო ახვლედიანს პირველ რიგში მშვიდი და კომფორტული ცხოვრება უნდა

პოლიტოლოგი, გია ნოდია სოციალურ ქსელში აკა მორჩილაძის წერილს ეხმიანება. 

"ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ აკა მორჩილაძე და გიო ახლვლედიანი. აკა მორჩილაძეს ყველანი ვიცნობთ, მეც და ბევრი სხვაც თავისი თაობის საუკეთესო ქართველ მწერლად თვლის. გიო ახვლედიანს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ერთი ჩვეულებრივი კაცია, თავისი კარგი და ცუდი თვისებებით. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი.

რატომღაც მოველით, რომ რაკი აკა მორჩილაძე კარგი მწერალია, ამიტომ გიო ახვლედიანი ასეთივე კარგი მოქალაქე უნდა იყოს და სწორი (ანუ ჩვენ რომ მოგვწონს, ისეთი) პოზიცია უნდა ჰქონდეს. მეც გამეხარდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. მაგრამ მწერალი და ადამიანი სხვადასხვაა.

მისი ქვაზი-ღრმად-ფილოსოფიური ანალიზი სინამდვილეში ძალიან ბანალურია და ზედაპირულია. მთავარი შეცდომა, საიდანაც სხვა ყველაფერი გამომდინარეობს, შეჯამებულია ფრაზაში: ჩვენს ქვეყანაში „ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა.“ თუ ამ ცნებებს აბსოლუტურად გაიგებ, როგორც პლატონურ იდეებს, ცხადია, ეს მართალია. მაგრამ ეს ყველგან მართალია. ნებისმიერი ქვეყანა მომეცით - ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ვინც გინდა, და თავისუფლების, დემოკრატიისა და ლიბერალობის პრინციპებისგან უამრავ უსერიოზულეს გადახრას აღმოვუჩენ. გიო ახვლედიანის პოზიცია ტიპური რომანტიკულ-ინტელიგენტური კოხტაპრუწობაა: მე ვიცი, რა არის იდეალი და ვხედავ, რომ ქვეყანა მას არ შეესაბამება; ის, თუ მაინც რამდენადაა ის დაშორებული ამ იდეალს, წვრილმანი დეტალია, ამ სისულელეებით ჩამისთანა გაქანების ადამიანს ნუ შემაწუხებთ.

მაგრამ დიდი და არსებითი განსხვავებაა, ამერიკაში ცხოვრობ, რუსეთში თუ ირანში (ბოლო ორი ქვეყნიდან გამოქცეულ ხალხს კითხეთ, თუ არ გჯერათ). ასევე დიდი განსხვავებაა, აკა მორჩილაძე ისეთ ქვეყანაში იცხოვრებს, სადაც შეუძლია მშვიდად წეროს და თუნდაც ასეთი წერილები აქვეყნოს, თუ მას ამ ნაწერებისთვის დახვრეტენ, როგორც მიხეილი ჯავახიშვილი ან ტიციან ტაბიძე დახვრიტეს. დღევანდელ საქართველოსა და დღევანდელ რუსეთს შორისაც ჯერჯერობით საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა, თუმცა ხვალ შეიძლება ეს განსხვავება წაიშალოს. ამიტომ ღირს, ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

როგორც ჩანს, გიო ახვლედიანს პირველ რიგში მშვიდი და კომფორტული ცხოვრება უნდა. ამისთვის ვერ განვსჯი. ეს წერილი სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის რაციონალიზაცია. ვითომ ღრმა და სინამდვილეში მეჩხერი ფილოსოფოსობა (თურმე, საბჭოთა კავშირის სულიერი მემკვიდრეობა მოგვდევს! ნუთუ ეს ასეა?) სხვა არაფერია, თუ არა ამ სურვილის შეფუთვა.

გაცილებით ჯობდა, ღიად ეთქვა: მირჩევნია, ჩემთვის წყნარად ვწერო, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ხოდა გამანებეთ თავი. მაგრამ არ გამოდის ამის პირდაპირ თქმა, უნდა ჩახლართო". - წერს გია ნოდია. 

აკა მორჩილაძე მწერალი გიო ახვლედიანის ფსევდონიმია. 

კომენტარები