ირანის თავდასხმა ისრაელზე

თეირანი დასავლეთს მოუწოდებს, დააფასონ ირანის თავშეკავება ისრაელზე თავდასხმის შეჩერებისთვის

ATTA KENARE / AFP

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ ქანანის თქმით, დასავლეთმა უნდა დააფასოს ირანის თავშეკავება, რომ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას აღარ აგრძელებენ. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ასევე დასაფასებელია ირანის თავშეკავება კონფლიქტში ჩართვისგან ბოლო თვეების მანძილზეც

"ირანის დადანაშაულების ნაცვლად, დასავლურმა სახელმწიფოებმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ" - თქვა ნასერ ქანანმა. 

ირანის მასშტაბური თავდასხმა ისრაელზე დაგმეს დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლებმა და მათი ნაწილი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს. 


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები