ირანის თავდასხმა ისრაელზე

IDF: ირანის მიერ ნასროლი რაკეტებისა და დრონების 99% ჩამოგდებულია

ირანის მიერ რაკეტების გაშვების ამსახველი ფოტო, ქალაქი თავრიზი

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებუ გაუშვა, რომელთა 99% უვნებელყვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ავიხაი ადრაიმ ისაუბრა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა სამიზნეების 99%-ის განადგურებას "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა.

ადრაის თქმით, ირანის მიერ გაშვებული 170 დრონიდან სამიზნეებამდე მიღწევა ვერცერთმა შეძლო. მისივე თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების დახმარებით 30-დან 25 ფრთოსანი რაკეტაც უვნებელყვეს და ვერცერთმა მიაღწია სამიზნეებს. ამას გარდა, სპიკერის თქმით, 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტიდან  მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა, მათი უმეტესობა კი უვნებელყვეს.

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ბევრი დაშავებული არაა. რაკეტების შრაპნელით ისრაელში დაშავდა ერთი კაცი.

ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა. 

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები