გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგი ჰააგაში საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს

კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი

შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ნიდერლანდების პოლიციამ ჰააგაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.

იგი მომიტინგეებთან ერთად წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე სუბსიდიებს აპროტესტებდა.

პოლიციამ აქტივისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა მთავარი გზის გადაკეტვა სცადეს. ეკოაქტივისტური დაჯგუფება Extinction Rebellion-ის თქმით, ეს მათი მხრიდან A12 გზატკეცილის გადაკეტვის 37-ე მცდელობა იყო.

მანამდე, ნიდერლანდების მთავრობამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია Shell-ისა და ავიაკომპანია KLM-ისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების იდეა წამოაყენა, რის შემდეგაც ეკოაქტივისტებმა აქცია დააანონსეს.

ნიდერლანდების მთავრობა წიაღისეული ნავთობის მოპოვებაზე სავარაუდო სუბსიდიების განხილვას ივნისში გეგმავს.

გამოცემა AD-ის ცნობით, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე A12-ის გზატკეცილზე მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო. ხოლო პოლიციამ BBC-სთან განაცხადა: "ჩვენ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ვადასტურებთ, რომ ყველა პირი, რომელიც პოლიციამ დაიჭირა და მიკროავტობუსებში ჩასვა ოფიციალურად არის დაკავებული, რადგან ისინი გზას კეტავდნენ და ეს კანონს ეწინააღმდეგება".

კომენტარები