გრეტა ტუნბერგი

გრეტა ტუნბერგმა კიევში ვიზიტისას კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე მსოფლიოს რეაქცია გააკრიტიკა

გრეტა ტუნბერგი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 29 ივნისი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინაში ომის შედეგად გარემოზე მიყენებულ ზიანზე ყურადღების მისაქცევად და კახოვკის ჰესის აფეთქებაზე მსოფლიოს რეაგირების გასაკრიტიკებლად შვედი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ ახალი გარემოსდაცვითი ჯგუფის საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრო.

"არ ვფიქრობ, რომ ამ ეკოციდზე მსოფლიოს რეაქცია საკმარისი იყო. ჩვენ ამაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, უნდა გავზარდოთ ცნობიერება იმაზე, რაც ხდება". - თქვა ტუნბერგმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალი გარემოსდაცვითი ჯგუფის თანათავმჯდომარემ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა, რომ მათი მიზანი უკრაინის გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრა და რუსეთზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის, შვედეთის ყოფილი ვიცეპრემიერი, მარგო ვოლსტრომი.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის 30% ფეთქებადი ნივთებითაა დაბინძურებული და ტყის საფარის 2.4 მილიონ ჰექტარზე მეტია დაზიანებული, რაც გარემოს "ომის ჩუმ მსხვერპლად" აქცევს.

შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც დამსწრეებს "მხარდაჭერის უკიდურესად მნიშვნელოვანი სიგნალისთვის" მადლობა გადაუხადა.

კომენტარები