რუსული კანონი

FREEDOM HOUSE: ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს კანონი

ტაბულა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House მმართველ პარტიას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ხელახლა წარდგენილი რუსული კანონი.

ორგანიზაცია წერს, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის მიღება საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებს აახლოებს.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის ხელახლა ინიციირებით, თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც მსგავსი კანონი მასობრივი სახალხო პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს.

მიღების შემთხვევაში, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებთან დააკავშირებს, სადაც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის და ასევე, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროინტეგრაციის გზაზე.

პარტია ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ წარდგენილი კანონი". - წერია განცხადებაში.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ კანონი კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები