რუსული კანონი

ვეტოს დაძლევით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება - მიქანაძე კანონის მიღებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ რუსული კანონი პარლამენტში ბიუროზე 8 აპრილს, ორშაბათს დარეგისტრირდება, პლენარული სესია კი 15 აპრილის კვირაში გაიმართება.

"მიმდინარე კვირის ოთხშაბათს დავაინიციირეთ ოფიციალურად, რაც რეგლამენტის მიხედვით ნიშნავს, რომ ოთხშაბათის ჩათვლით ინიციირებული კანონპროექტები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროზე გავა. ბიურო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელ კომიტეტს ან კომიტეტებს დაეწეროს განხილვა და პლენარული სესია, რომელიც გაიმართება 15 აპრილის კვირაში... სანამ პლენარული სესია შედგება, ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტი ან კომიტეტები განიხილავს პირველი მოსმენით და შემდეგ ბიუროს გადაწყვეტილებით ჩაჯდება სესიაზე დღის წესრიგში". - ამბობს მიქანაძე სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის ეთერში.

მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ სამი მოსმენის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, თუმცა "ეს ყველაფერი, ვეტოს დაძლევით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება".

"ეს არის 6-კვირიანი პროცედურა და მგონი, არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 1 წელია რადიკალური ფრთის ინტერესებს პირდაპირ პოზიციონირებს, დიდი ალბათობით, ვეტოს უფლებას მორიგ ჯერზე გამოიყენებს. როდესაც კანონპროექტი სამი მოსმენით იქნება მიღებული, მას გადაეგზავნება და აქვს 14-დღიანი ვადა განხილვისთვის, რომ ან ხელი მოაწეროს ან მოტივირებული შენიშვნებით ვეტოთი დააბრუნოს პარლამენტში. წინა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო დღემდე მიჰყავდა ვეტოს დადება და შემდეგ კომიტეტი განიხილავს ამ ვეტოს და პლენარულ სხდომაზე წარედგინება. გვარამია ავრცელებდა ინფორმაციას, ფეხბურთს უნდათ დაამთხვიონ ეს პროცესებიო - ყველაფერი, ვეტოს დაძლევით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება". - თქვა ოცნების დეპუტატმა.


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

5 აპრილს რუსულ კანონს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამავე დღეს, ევროპის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტებმა ოცნებას მოუწოდეს, უარი თქვას რუსულ კანონზე.

განცხადება გამოაქვეყნა ევროპარლამენტართა ჯგუფმაც, სადაც წერია, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებს გადადგადმნენ, ხოლო რუსული კანონი მათ ეწინააღმდეგება.

კომენტარები