ალტ-ინფო

სასამართლომ ზურაბ მახარაძეს ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრს, ზურაბ მახარაძეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ ჯგუფურად ძალადობის საქმეზე 5 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გიორგი გოგიას ასევე 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამით სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. გირაოს გადახდის ვადად მოსამართლემ 20 დღე განსაზღვრა. მახარაძის თქმით, ის თანხის გადახდას არ აპირებს.

პროკურატურამ მახარაძეს და გოგიას ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალი გუშინ, 3 აპრილს წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე "გ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები