ალტ-ინფო

პროკურატურამ ზურაბ მახარაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენა

პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრ ზურაბ მახარაძეს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება წაუყენა.

როგორც პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, საქმე ეხება 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას.

"საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ზურაბ მახარაძის თქმით, აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. მან 23 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ ოფისში "მიუვარდნენ".

"მეც და გიორგი გოგიასაც წარგვედგინა ბრალი, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით“ - ამბობს მახარაძე.

კომენტარები