გენდერული კვოტირება

პარლამენტარი ქალების უმრავლესობა კვოტირების გაუქმებას ემხრობა

პარლამენტარი ქალების უმრავლესობა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 27 ქალი დეპუტატიდან 14 - გირჩის ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავს. აქედან 13 ქართული ოცნების წევრია - 1 კი მთავრობის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი.

ასევე, ტაბულას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ უთხრა, რომ გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა, თუმცა მისი თქმით, კენჭისყრას ქვეყანაში არყოფნის გამო ვერ დაესწრება.

ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხზე, უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით განცხადება გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ კვოტირება ქალთა გაძლიერების "დროებითი, მაგრამ არა ერთადერთი ზომა იყო და მან  "გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას".

"ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას - პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს". - წერია უმრავლესობის ქალი დეპუტატების განცხადებაში.

რაც შეეხებათ ქალ დეპუტატებს ოპოზიციიდან, ისინი არ აპირებენ, გენდერული კვოტების გაუქმების მხარდაჭერას. ოპოზიციონერი პარლამენტარი ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი ამ თემით ვაჭრობს და ისინი საკითხს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის რამდენიმე წლით არჩევისთვის გამოიყენებენ. არც ოცნება და არც ინიციატივის ავტორი გირჩი არ უარყოფს, რომ კვოტების საკითხი უფრო ფართო პოლიტიკური გარიგების ნაწილია. 

"ოცნების თითოეული ამ გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი". - თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს კვოტების გაუქმება იმისთვის სჭირდება, რომ ეს ადგილები სიაში იმ კაცებმა დაიკავონ, რომლებსაც "დიდი ფინანსური რესურსი" გააჩნიათ.

ბოკუჩავა ასევე ამბობს, რომ ოცნებისთვის კვოტების გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მოტივი პოლიტიკიდან ქალების განდევნაა, რათა მათ სიმართლე არ ილაპარაკონ.

ინიციატივისთვის მხარდაჭერას არც პარტია ლელოს წევრი ქალი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი აპირებენ.

კვოტების გაუქმების წინააღმდეგები არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდიაც.

ასევე, კვოტების გაუქმებას არ ემხრობიან საპარლამენტო ჯგუფ თავისუფლების წევრი, ნატო ჩხეიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი და პარტია მოქალაქეების წევრი, თამარ თურაზაშვილი.


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა - საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში - პროექტის თანახმად,  პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.

ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.

"გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს  თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა" – წერია განმარტებით ბარათში. 

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას. მისი თქმით, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის "კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის". 

კომენტარები