გენდერული კვოტირება

ომბუდსმენი: ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტი

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. 


აპარატის ცნობით, დასკვნაში წერია, რომ კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას, მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების გაუქმება აუცილებელი იყო კონსტიტუციურობის საფუძვლით, ან საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, არაეფექტურობისა თუ იმის გამო, რომ საჭირო აღარ იყო. მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ბალანსი საქართველოს პარლამენტში ნელა, თუმცა თანდათანობით უმჯობესდებოდა სავალდებულო გენდერული კვოტებისა და ფინანსური წახალისების შემოღების გამო, ის კვლავ დაბალი რჩება ეუთოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით და არ აღწევს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს.


"დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათები არ შეიცავს კონკრეტულ მტკიცებულებას, მონაცემს ან ფაქტს, გენდერული კვოტის მოქმედების მექანიზმის სიღრმისეულ ანალიზს ან მის შესაძლო ალტერნატივას და ვერ ასაბუთებს საარჩევნო გენდერული კვოტებისა და პარტიების ფინანსური წახალისების სისტემის გაუქმების საჭიროებას.

ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში ყურადღებას ამახვილებს ასევე პროცედურულ ხარვეზებზე, კანონპროექტების დაჩქარებულად მიღებაზე, განხილვის პროცესში ადეკვატური და ინკლუზიური მონაწილეობისა და დაინტერესებულ მხარეებთან რელევანტური კონსულტაციების არარსებობაზე, არჩევნების სიახლოვეს საარჩევნო სისტემის არსებითი ელემენტების ცვლილების უარყოფით მხარეებსა და საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპის გაუთვალისწინებლობაზე.

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები" - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება 4 აპრილს გააუქმა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების კანონს ვეტო 18 აპრილს დაადო

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო 15 მაისს დაძლია. უმრავლესობის დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინეს და ცვლილებები თავდაპირველი რედაქციით მიიღეს.

 

კომენტარები