გენდერული კვოტირება

დეკანოიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმება შედგა

მთავარი არის ის, რომ [გენდერული კვოტირების გაუქმება] უნდოდა ქართულ ოცნებას. გირჩის იდეოლოგია გასაგებია, ცნობილია, და მესმის, რომ მათ პარტიაში ქალები არ არიან, როგორც ასეთი. როგორც ჩანს, ყოველი მეოთხე ქალი მათთვის რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და გაურთულდათ. 

ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს არც თანასწორობასთან, არც ქალების დისკრიმინაციის უარყოფასთან. ამას საერთო აქვს იმასთან, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება თავიანთ სიაში უფრო მეტი ფულიანი ადამიანი, რომლებიც ახლა მაჟორიტარები იყვნენ, როგორც ჩანს, ისინი სიაში ვერ ხვდებოდნენ. ამიტომ, გადაწყვიტეს ეს ყველაფერი შეავსონ და ამოავსონ კვოტების ხარჯზე.

კვოტა, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი ნორმა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაცია, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, თორემ შემდეგ თანასწორობის საკითხი რომ მოგვარებული იყოს, რა თქმა უნდა, რა საჭიროა მაშინ კვოტირება. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჭკვიანი ქალი პოლიტიკოსია, რომელსაც სჭირდება ასპარეზი, მნიშვნელოვანია რომ ისინი მოხვდნენ ეროვნული წარმომადგენლობის ორგანოში. თუნდაც კანონმდებლობით რომ იყოს განპირობებული, ეს შეიტანდა ცვლილებებს, რომ გაცილებით მეტი ქალი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები.

არცერთ პარტიაში ქალს არ აქვს ძალაუფლება, ქალებს აქვთ ნაკლები ფინანსური რესურსი, ქალებს იყენებენ ხოლმე რაღაც შირმად. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შეთანხმება შედგა, რაც გულისხმობს იმას, რომ გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა, მე ასე ვიტყოდი.

თქვა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

დღეს, 1 აპრილს გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კომენტარები