გენდერული კვოტირება

დავითულიანი: ვეთანხმებით გირჩის ინიციატივას გენდერული კვოტირების გაუქმებაზე

ბექა დავითულიანი
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულაინის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ. 

"შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია. პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა და ასევე ეთანხმება დაჩქარებულ წელსაც" – ამბობს დავითულიანი ბიუროს სხდომაზე. 

დავითულიანმა ასევე აღნიშნა, რომ სანაცვლოდ, ქართულმა ოცნებამ გირჩის მხრიდან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის "კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის". 

გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდა. 

გირჩის მიხედვით, გენდერული კვოტირება ხელს უშლის ქალების რეალურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. 

ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.

"გენდერული კვოტირების მექანიმზი, წარმოადგენს შეზღუდვას, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს  თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა" – წერია განმარტებით ბარათში. 

გენდერული კვოტირების წესის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით 2023 წლის თებერვალში მიიღო.

ცვლილება შეეხება საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლს.

ცვლილების მიხედვით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, მამაკაცის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით, არამედ სიის მომდევნო წევრით მოხდება.

203-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

 

კომენტარები