გენდერული კვოტირება

ბოკუჩავა: პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს იმიტომ უჭერს, რომ პოლიტიკიდან ქალები განდევნოს და პარლამენტში ადგილები "თავისი ფეოდალებისთვის" გაათავისუფლოს.

"შვილების სარჩენად დედები იძულებით ემიგრაციაში მიდიან. ამ დროს კი ივანიშვილის პარტიის წევრები მათ მძიმე ისტორიებს გამოგონილს ეძახიან, პარლამენტში ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან და პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ.

რატომ? იმიტომ, რომ ქალების ეკონომიკურ პრობლემებზე ნაკლებმა ქალმა ისაუბროს. რატომ? იმიტომ, რომ პარლამენტში ადგილები ისევ თავისი კორუმპირებული ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ". - თქვა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა - საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში - პროექტის თანახმად,  პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.

ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.

"გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს  თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა" – წერია განმარტებით ბარათში. 

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას. მისი თქმით, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის "კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის". 

კომენტარები