გენდერული კვოტირება

სადღეგრძელოები, რომლითაც ივანიშვილი და ოცნება კვოტირებას მხარს უჭერდნენ

გირჩი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2023 წლებში სწორედ ქართული ოცნების მხარდაჭერით შევიდა კანონში ცვლილება გენდერული ნიშნით კვოტირებასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ, 2016 წელს საუბრობდა ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კვოტირებაზე:

"მე მქონდა მცდელობა, დაგვეწესებინა კვოტები და ქალები მეტად წარმოდგენილიყვნენ პარლამენტში და პოლიტიკაში... ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივად გამოსწორდება, ცოტა ხელოვნური დახმარება არ აწყენდა. არ დამიჯერეს მე პარლამენტში, ვერ მოხერხდა კვოტის დაწესება",

2020 წლის კვოტირების შესახებ კანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს: 

"ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, როგორც მინიმუმ, ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის ადამიანი ჰყავდეს შეყვანილი".- თქვა მამუკა მდინარაძემ, 2020 წლის 30 ივნისს.

იმავე წლის 20 ივლისს მდინარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კვოტირებაზე რუსთავი 2-ის ეთერში და თქვა, რომ ქალების პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მოწინააღმდეგეები, სინამდვილეში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც გენდერულ კვოტებს მხარი არ დაუჭირეს.

ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, კვოტირებაზე 2020 წელს, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების კრიტიკის შემდეგ ისაუბრა. კრიტიკა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი ქალის ყოფნას უკავშირდებოდა. 

"სირცხვილია, როდესაც ამაზე შენიშვნებს გამოთქვამენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კვოტების შესახებ ინიციატივას პარლამენტში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, ისტორიაში პირველად ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც ქალთა და კაცთა მონაწილეობა პარლამენტში შედარებით თანაბრად არის უზრუნველყოფილი".- ამბობს თალაკვაძე პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში. 

2020 წელს კვოტირებას მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემაც, რომელიც ამ საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი თავად იყო. 

"რაც შეეხება კომპეტენციას, ბუნებრივია, ვერავინ ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ საქართველოში 30 კომპეტენტური ქალი არ არის. 30-იც არის, 30 ათასიც და მეტიც. მთავარია პოლიტიკური პარტიების მონდომება - ერთადერთი, რაც კეთდება კვოტირებით, არის ის, რომ ჩვენ "ვაიძულებთ" პარტიებს მოძებნონ ასეთი ქალები. ეს არის ძალიან სწორი მოწოდება", - თქვა კობახიძემ. 

ყოფილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გენდერული კვოტირების წყალობით, პარლამენტი იქნება გენდერულად ისეთივე დაბალანსებული, როგორიც საქართველოს მთავრობაა. 

"100 წლის შემდეგ ახლა ხდება პირველად, რომ შევიდა კანონში ცვლილება და დააკანონა ვალდებულება თავისთვის და სხვებისთვის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის"- თქვა თეა წულუკიანმა 2020 წელს. 

კვოტირებას 2020 წელს გამოეხმაურა სოზარ სუბარიც, რომელიც მაშინ ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, დღეს კი პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარეა.

"რაც შეეხება ზოგადად ქალების მონაწილეობას პოლიტიკაში, სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, ის გუნდი, რომელმაც მიიღო ეს ცვლილება, რომელმაც განსაზღვრა კვოტირება და ყოველი მეოთხე, ანუ 25% უნდა იყოს განსხვავებული სქესის".- თქვა მან TV იმედის ეთერში. 

"ქალბატონების როლი ზოგადად პოლიტიკაში და ჩვენს ცხოვრებაში, მამაკაცები ვართ და ქალს აქვს განსაკუთრებული როლი".- ასე გამოეხმაურა მაშინ კახა კალაძე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი ქალის ყოფნას. 

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი 2020 წელს შალვა ნათელაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა

"როცა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამის მისადაგება იმ საკითხებთან, რასაც ჰქვია სერიოზული სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, უბრალოდ არანორმალურია.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური - ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები".- თქვა გია ვოლსკიმ პირველ არხთან საუბარში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი 2021 წელს გირჩს აკრიტიკებდა გენდერული კვოტირების წინააღმდეგობისთვის. 

"ყველაზე ძალიან თქვენი ქალების მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა სავალალო თქვენ ამოიღეთ ყველა ქალი კანდიდატი სიიდან და უარი ათქმევინეთ თქვენს ერთადერთ დეპუტატ ქალს და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო შეთანხმდა რომ ქალების მონაწილეობის გაზრდა საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ ხარისხს მიანიშნებს, რომ კვოტირების მექანიზმი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ამ პროცესს ძალიან გულშემატკივრობდა, იყო ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა, რაც გაგვიკეთებია ამ წლების მანძილზე და ამ ყველაფრის პარალელურად თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ. 

პარტია გირჩი ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო კარგად გვანახებს გენდერული კვოტირების საჭიროებას პოლიტიკაში ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით, გენდერული კვოტირება ეფექტური მექანიზმია გამომდინარე იქიდან რომ სხვა უკეთესი მექანიზმი ნამდვილად არ მოუფიქრებიათ და ყველა განვითარებულმა და წარმატებულმა ქვეყანამ საკანონმდებლო თუ შიდა პარტიულ დონეზე გენდერული კვოტირება გაიარა იმისთვის რომ მიეღწია განვითარების ამ ეტაპს".- თქვა წილოსანმა. 

ქართული ოცნების წარმომადგენელი, ნინო წილოსანი მოგვიანებითაც - გაეროს განვითარების პროგრამის 2022 წლის სტატიაში  იხსენებს, რომ ქალთა ერთიანობამ და შეჯერებულმა პოზიციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გენდერულ კვოტირებაზე შეთანხმების პროცესში. 

დღეს, 2 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გამოვიდა

ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას.

პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გენდერულ კვოტირებას მოიაზრებს და გულისხმობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. კვოტირებას მხარი ქართულმა ოცნებამ დაუჭირა. 

გენდერული კვოტირების წესის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა 2023 წლის თებერვალშიც, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილების მიხედვით, ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით, მამაკაცის პარლამენტიდან გასვლის შემთხვევაში მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით, არამედ სიის მომდევნო წევრით მოხდება.

კომენტარები