გენდერული კვოტირება

წულუკიანი: პარლამენტი იქნება გენდერულად ისევე დაბალანსებული, როგორც დღევანდელი მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, გენდერული კვოტირების წყალობით, პარლამენტი იქნება გენდერულად ისეთივე დაბალანსებული, როგორიც საქართველოს მთავრობაა.

მისივე განცხადებით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ქალი წარადგინა, არაფერს ნიშნავს - მისი თქმით, ეს მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მხოლოდ ერთი ნაწილია.

"100 წლის შემდეგ ახლა ხდება პირველად, რომ შევიდა კანონში ცვლილება და დააკანონა ვალდებულება თავისთვის და სხვებისთვის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ქართული ოცნების მომავალი საპარლამენტო გუნდის შესახებ ვერ გვექნება წარმოდგენა მაჟორიტარების კანდიდატების ამ ერთი ჯგუფით.

სიაში იქნება უფრო მეტი ქალი, შესაბამისად ქართული ოცნების მომავალი საპარლამენტო ჯგუფი იქნება გენდერულად ისევე დაბალანსებული, როგორც არის დღევანდელი საქართველოს მთავრობა. ეს ასე არ იყო ხოლმე, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში". - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში 11 წევრიდან 4 ქალია: თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე, ნათია თურნავა და მაია ცქიტიშვილი.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა. ცვლილებები გენდერულ კვოტირებასაც მოიაზრებს და გულისხმობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ საქართველოს პარლამენტში ამ დროისთვის 19 დეპუტატი ჰყავს და სავალდებულო გენდერული კვოტირების გარეშეც, მათგან ყოველი მეოთხე ისედაც ქალია. შესაბამისად, ახალი რეგულაცია პარტიისთვის არაფერს ცვლის. ამასთან, თბილისის საკრებულოში ევროპული საქართველოს სამი წევრიდან ერთი ქალია. ასევე, თბილისში დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატიდან ერთი ქალია. 

ცვლილებების მიხედვით, პარტიები, რომლებსაც სიაში ყოველი მეოთხე ქალი ეყოლებათ, 30%-იან დანამატსაც მიიღებენ.
 

კვოტირების შესახებ ჩანაწერის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და პოლიტიკური პარტია გირჩი. ქალთა პარტიის შექმნას და საკონსტიტუციო სასამართლოში დავას აანონსებს ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც.

კომენტარები