ვეტინგი

თადუმაძე: ვის სჯერა, რომ აშშ-მ ამ ქვეყანაში 4 კორუმპირებულზე მეტი ვერ ნახა?

იმედი

"იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, შედეგს დებს... ის, რომ [ევროკომისიის] 9 პუნქტია შესასრულებელი და ახლა სასამართლოს მივხედოთ და რვაზე რაღაცებს ვივაჭრებთ, ასე არ გამოვა" - ამის შესახებ 11 მარტს ჩატარებულ პლენუმის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრმა შალვა თადუმაძემ ისაუბრა. სხდომის აუდიო ჩანაწერს ნეტგაზეთი ავრცელებს. 

"ხვალ რომ ჩაატარონ “ვეტინგი”… დაჯდა იურიდიული კომიტეტი: იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, ვიღაცები და მიიღეს გადაწყვეტილება, უნდა შეგვამოწმონ. კანონიც თუ მიიღო პარლამენტმა და ხალხს თუ ევროპაში უნდა, ჩვენ წინააღმდეგობას ხომ ვერ გავუწევთ და ამ შემოწმებაზე 100% დარწმუნებული ვარ, რომ არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი ვიქნები. 5000 გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ხელი მოვაწერე, იმ ადამიანებს მე-6 მუხლი დაერღვევათ თუ არა?! იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ შემადგენლობაში და გახდება თუ არა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომლითაც უნდა გადაიხედოს ის 6000 საქმე… სად მივდივართ? რაღაც აბსურდში მივდივართ…

როცა საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ევროპა გვასწავლიდა კანონების წერას, მეუბნებოდნენ, რეგულირების ზეგავლენა უნდა შეაფასო და მერე დაწერო კანონიო.

ახლა შევაფასოთ რეგულირების ზეგავლენა. ჯერ საერთოდ ვინმეს სჭირდება, რაიმე პრობლემას წარმოადგენს სასამართლო ამ ქვეყანაში?

თუ ვინმეს გვჯერა, რომ [აშშ-ს] სახელმწიფო ადმინისტრაციამ ამ ქვეყანაში 4 კორუმპირებულის მეტი ვერ ნახა? ამის გვჯერა ვინმეს?

იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, შედეგებს დებს. როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა, დეპარტამენტი რაზე მუშაობდა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების შტო არ იყო და სასამართლო ხელისუფლების შტო იყო, არ იყო ისეთი ძალისხმევა, თორემ, ალბათ, ვიცით ხომ უფრო კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უფრო გამოჩენილები იყვნენ საერთაშორისო დონეზეც.

ის, რომ [ევროკომისიის] 9 პუნქტია შესასრულებელი და ახლა სასამართლოს მივხედოთ და რვაზე რაღაცებს ვივაჭრებთ, ასე არ გამოვა. მე მახოვს, ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი: თუ გინდა, რომ ხელისუფლება იყო, ხელისუფლებასავით უნდა იცხოვრო.

ამიტომ, მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს, თითქოს არ ვიცოდეთ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, არ მგონია, რომ 2%-იანი და 1%-იანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ ,ან ევროკავშირი" - ამბობს თადუმაძე აუდიოჩანაწერში. 

თადუმაძის თქმით, არ არის იმ ნარატივის დრო, რომ "ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ".

“ეგ ხომ გამორიცხულია, თუ აქედან არ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომ იქ რაღაც პრობლემებია: კახა წიქარიშვილი და ანა ნაცვლიშვილი ვერ მოხვდნენ უზენაესში მოსამართლეებად ამიტომ…მოდი, ეს ხალხი გამოვყაროთ და იმ ხალხს შევიყვანთ შიგნით.  ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს და, მე მგონი, ენის მოჩლექის დრო არ არის, მე მგონი, არც იმის დროა, იმ საპირწონეზე დავდგეთ, რომ ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ – ამ ნარატივის დროც არ არის" - ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 

 

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.

"ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე". - წერია სასამართლოს განცხადებაში.

მოსამართლეთა 32-ე კონფერენციის გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ. მისი მტკიცებით, პროცედურა სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ისახავს მიზნად.

"მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. [...] ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო". - თქვა მურუსიძემ.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს. 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მეხუთე მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ისიც მზადაა ტესტის გასავლელად.

17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა Facebook-პოსტით ე.წ. ვეტინგის ჩატარების მომხრე მოსამართლეებს უპასუხა და მათ პოზიციას "უკიდურესად არაკოლეგიალურსა" და "პროფესიული ღირსების შემლახავს" უწოდა.

თავად მოსამართლეების შემოწმების პროცესი, მისი მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლების დაშინებას, მასზე ანგარიშსწორებასა და მის დამორჩილებას ისახავს მიზნად, რაც "მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით", რასაც "მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით".

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

კომენტარები