რუსული კანონი

2 მაისს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსული კანონის გასაპროტესტებლად – ოპოზიციონერი დეპუტატები

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის წინ ბრიფინგი გამართეს და მოქალაქეებს დღეს, 2 მაისს 19:00 საათზე პარლამენტის წინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოსვლისკენ მოუწოდეს.

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, "1 მაისს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება".

"დღეს იყო სხდომა დაგეგმილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას საქართველოს სახელმწიფოსი, როდესაც გუშინ 83-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი რუსულ კანონს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ გააზრებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ და ახლა უკვე საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც კი ეშინიათ. უამრავი ადამიანი იყო გუშინ. ეს პროტესტი არ შეწყდება.

მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ საქართველოს პარლამენტთან შევიკრიბოთ ყველა ერთად იმისთვის, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად". - თქვა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვა 100-ჯერ მეტი ადამიანი და საბოლოოდ, "მაინც მოუწევთ ამ კანონის გაუქმება".

"ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხესიმაგრედ, მაგრამ ციხესიმაგრე წარმოდგენაში რა არის - შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას - შიგნითაც კი ვერ შემოდიან. ქართული ოცნების დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს. ყველაფერი წინ არის, მესამე მოსმენა წინ გვაქვს - მიიღებენ?! მაშინ დაადებს პრეზიდენტი ვეტოს. ვეტოს დაძლევის პროცედურა წინ გვაქვს. მიიღებენ?! - გამოვა ხალხი 100-ჯერ მეტი და მაინც მოუწევთ ამ კანონის გაუქმება. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და მოგვცეს პარლამენტის წევრებს ჩვენი საკონსტიტუციო ვალის შესრულების უფლება". - აღნიშნა გოცირიძემ.

1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათზე, პარლამენტის უკან დაიწყო, სადაც სკვერში მყოფი დემონსტრანტები პოლიციამ დაბლა ჩამოყარა. 19:00 საათისთვის კი მოქალაქეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინაც დაიწყეს. იმ დროისთვის, სპეცრაზმელები უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, რადგან პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მალევე, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მე-2 მოსმენით მიიღო, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.

კომენტარები