ვეტინგი

პაპუაშვილი: მედიაში ვეცნობი ე.წ ვეტინგზე მსჯელობის ამონარიდებს – სასამართლოზე თავდასხმებია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვის თემას კიდევ ერთხელ ეხმიანება. ის მოსამართლეებისადმი პატივისცემას გამოხატავს და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას "პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე" არასამთავრობო ორგანიზაციები უსამართლოდ ესმიან თავს.

"მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.

კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.

საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა". - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.

გუშინ, 29 მარტს წინ ნეტგაზეთმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომისა, სადაც უზენაესი სასამართლოს წევრმა შალვა თადუმაძემ ამავე საკითხზე ისაუბრა. 

"თუ ვინმეს გვჯერა, რომ [აშშ-ს] სახელმწიფო ადმინისტრაციამ ამ ქვეყანაში 4 კორუმპირებულის მეტი ვერ ნახა? ამის გვჯერა ვინმეს?

იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, შედეგებს დებს. როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა, დეპარტამენტი რაზე მუშაობდა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების შტო არ იყო და სასამართლო ხელისუფლების შტო იყო, არ იყო ისეთი ძალისხმევა, თორემ, ალბათ, ვიცით ხომ უფრო კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უფრო გამოჩენილები იყვნენ საერთაშორისო დონეზეც [...]

მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს, თითქოს არ ვიცოდეთ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, არ მგონია, რომ 2%-იანი და 1%-იანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ, ან ევროკავშირი" - ამბობს თადუმაძე აუდიო ჩანაწერში.

თადუმაძისვე თქმით, არ არის იმ ნარატივის დრო, რომ "ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ".

კომენტარები