თბილისის მერია

თბილისში ხუთ მარშრუტზე 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ" - წერია მერიის განცხადებაში.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა, საიდანაც 50 უკვე თბილისშია და მგზავრებს ემსახურება. ამ ეტაპზე, 18-მეტრიანი ავტობუსები N301, N302, N308 და N314 მარშრუტებზე დადის.

კომენტარები