გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილ-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერს სასამართლო გამოიკვლევს

ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისების საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება - აუდიო-ჩანაწერი გამოჩნდა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ჩანაწერი კრედიტის გაცემამდეა გაკეთებული და მასში საუბარია სესხის გაცემის პირობებზე. 

"უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცედურებს. ეს აღარ არის პირადი ურთიერთობები, უკვე გადაიზარდა სამართლებრივ დავებში, შესაბამისად სასამართლოში ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი. არსებითი განხილვის დროს, როდესაც ჩვენ გადავალთ მტკიცებულებების გამოკვლევაზე, გამოქვეყნდება სრულად ეს აუდიო-ჩანაწერი და შესაბამისად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩანაწერი გაკეთებული არის სწორედ კრედიტის გაცემამდე და მასში საუბარი არის კრედიტის დამტკიცების პირობებზე" - ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი. 

პროკურორის თქმით, დასაკითხ პირთა სიაში, როგორც დაზარალებული, არის ბიძინა ივანიშვილიც. 

"გარემოება არის ის, რომ ამ საკითხზე უნდა დასრულდეს ექსპერტიზა, შესაბამისად ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ შემოვიდეს შეფასების კომპონენტი. 

აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებული არის სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში. მათ შორის დაზარალებული [ბიძინა ივანიშვილი] არის დასაკითხ პირთა სიაში" - ამბობს პროკურორი. 

როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლოში თქვა, გრძელდება პროცესი, რომელსაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს საფუძვლად. ამასთან, ბაჩიაშვილმა TV პირველს უთხრა, რომ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოწმის სახით სასამართლოში გამოცხადდება, არ აქვს. 

"დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის არის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღე. გრძელდება ის უსამართლო პროცესი, რომელიც დაიწყო 1 წლის წინ და რომელსაც საფუძვლად უდევს ერთადერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება. ეს არის სამარცხვინო ქართული სამართლის სისტემისთვის.  არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა მიღებული განხილვაში" - ამბობს ბაჩიაშვილი. 

6 ივლისს სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს  ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისების საქმეზე 2 500 000 ლარის გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა. 

"მეც გაოგნებული ვარ. ქვეყანაში ჩამოვედი სამი კვირის წინ, დატოვება რომ მდომებოდა, არ ჩამოვიდოდი" – ამბობს ბაჩიაშვილი.

მოსამართლის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

აღნიშნულ საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

"ადამიანს ედავებიან, რომ მან მიითვისა თანხა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც, უტყუარად, წერილობით დადასტურებულია, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მილიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა, როგორც ეს სესხად აღებული 5 მილიონი, ასევე პროცენტი ასობით ათასი ლარი. ეს არის მტკიცებულებები, თუმცა, დაცვის მხარეს დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი აღარ ჰყოლია" – ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი.

გიორგი ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში იკავებდა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან, ის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე ბაჩიაშვილს ეკავა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა საპარტნიორო ფონდში. იქამდე კი ბიძინა ივანიშვილის Unicor Management Company-ის ფინანსური დირექტორი იყო. ეს კომპანია რუსეთში ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება გადაწყვიტა.

კომენტარები