თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

პუტინის მტკიცებით, შეუძლებელია რუსეთი ისლამისტი ტერორისტების სამიზნე გამხდარიყო

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების მიზანი საზოგადოების გახლეჩვა იყო და რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამისტი ფუნდამენტალისტების სამიზნე.

"იმის მიხედვით, რასაც ახლა გამოძიება გვაძლევს, ყველანაირი საფუძველი გაგვაჩნია ვარაუდისთვის, რომ მოსკოვის ამ სისხლისმღვრელი, საშინელი ტერაქტის დამკვეთების მთავარი მიზანი სწორედ ჩვენი ერთიანობისთვის ზიანის მოყენება იყო. სხვა მიზანი არც კი განიხილება, არ არსებობს, რადგან რუსეთი ვერ იქნება ისლამისტი ფუნდამენტალისტების მხრიდან ტერორისტული აქტების ობიექტი." – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი არის განსხვავებულ რელიგიათა და ეთნოსებს შორის ჰარმონიულობის უნიკალური მაგალითი. მისი მტკიცებით, რუსეთი საერთაშორისო არენაზე ისე იქცევა, რომ "ნაკლებად სავარაუდოა ისლამისტი ფუნდამენტალისტების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გამხდარიყო".

როგორც რუსეთი აქამდე ყოველგვარი სამხილის გარეშე ირწმუნებოდა, ტერაქტის უკან უკრაინელები დგანან და მათ რადიკალი ისლამისტები გამოიყენეს. კიევი ამ ბრალდებას უარყოფს.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

რუსეთმა ტერაქტში უკრაინა ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.

კომენტარები