საქართველოს სასამართლო სისტემა

მოსამართლეთა კონფერენციამ ე.წ. ვეტინგზე უზენაესის განცხადებას მხარი დაუჭირა

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

მოსამართლეთა კონფერენციამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოსამართლეების შემოწმების პროცედურის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პროცესი სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებას ისახავს მიზნად.

"იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ კონფერენციაზე განიხილეს უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. "ვეტინგი" ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.

აღნიშნულ განცხადებას მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციას 295 მოსამართლე ესწრებოდა". - წერია კონფერენციის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის დანერგვას.

"ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე". - წერია სასამართლოს განცხადებაში.

მოსამართლეთა 32-ე კონფერენციის გახსნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ. მისი მტკიცებით, პროცედურა სისტემიდან მოსამართლეების გაყრას ისახავს მიზნად.

"მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. [...] ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო". - თქვა მურუსიძემ.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს. 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში ვეტინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მეხუთე მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ისიც მზადაა ტესტის გასავლელად.

17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა Facebook-პოსტით ე.წ. ვეტინგის ჩატარების მომხრე მოსამართლეებს უპასუხა და მათ პოზიციას "უკიდურესად არაკოლეგიალურსა" და "პროფესიული ღირსების შემლახავს" უწოდა.

თავად მოსამართლეების შემოწმების პროცესი, მისი მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლების დაშინებას, მასზე ანგარიშსწორებასა და მის დამორჩილებას ისახავს მიზნად, რაც "მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით", რასაც "მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმებით, ბოლომდე შევეწინააღმდეგებით".

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

კომენტარები