საქართველოს სასამართლო სისტემა

გელბახიანი: ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო მთლიანად ხელისუფლების დირექტივების ქვეშაა მოქცეული

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო მთლიანად ხელისუფლების დირექტივების ქვეშ მოქცეული არ არის. გელბახიანი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლის საშუალებას მისცემენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებენ. ეს ჩემი შინაგანი რწმენაა და რაიმე ინფორმაციას არ ეყრდნობა. პირველ რიგში, მე ადვოკატის სიბრტყიდან ვისაუბრებ და პოლიტიკურ ფაქტორებზე აქცენტი გაკეთებული არ მექნება. მოდით, ავიღოთ, ჩვენ სასამართლოში რა მტკიცებულებები წარვადგინეთ, სასამართლოს რას ვთხოვთ და დღეისთვის რა ვითარება გვაქვს. ამ მომენტისთვის დაკითხულია მსოფლიოს 6 უმაღლესი კლასის ექსპერტი. მოსამართლე არის პერსონა, რომელმაც ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს [...] ახლა მოსამართლეს ძალიან დიდი გამოცდა ელის, როგორც მოსამართლეს, როგორც პიროვნებას და როგორც სისტემის წარმომადგენელს. მთელი მართლმსაჯულების სისტემაა საფრთხეში, თუ ის იმ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე უნდა დაეყრდნოს. თუ ის ამ მტკიცებულებებს გვერდს აუვლის, სისტემას დააყენებს საფრთხის ქვეშ. სამყაროში აღარავინ დაჯერებს, რომ საქართველოში არის მართლმსაჯულება.

მე ვუსმენ შეფასებებს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს ნაკლოვანებები, რაღაც მიმართულებებით რეფორმებია საჭირო - ზოგი კადრებს ამბობს, ზოგი კვალიფიკაციას, ზოგიც კი სისტემურ ცვლილებებს. მაგრამ, გლობალურად, რომ სისტემა არ ვარგაო, ასეთი კატეგორიული დასკვნა საერთაშორისო დონეზე მე არ მინახავს. შენიშვნები, საყვედურები და კრიტიკული პოზიციები კი გამოუთქვამთ. მე თავად მიწევს სასამართლოში ყოველდღიური საქმიანობა და ვერ ვიტყვი იმას, რომ სასამართლო მთლიანად ხელისუფლების დირექტივების ქვეშაა მოქცეული. ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ხელში მაქვს გამამართლებელი განაჩენები და ობიექტური გადაწყვეტილებები. პირიქით, მე სასამართლოში თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ და ვერ ვგრძნობ იმას, რომ რომელიმე საკითხის განხილვის დროს რაღაც წნეხის ქვეშ ვარ. მაქვს ეს თავისუფლება და რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ფაქტორით შებოჭილი ვარ. მაგრამ, არის პოლიტიკური საკითხები, ხომ? არის ზოგიერთი საქმე, სადაც ხელისუფლების ინტერესი პირდაპირ გამოჩნდა და ეს შედეგშიც აისახა. თუმცა, ასე ვთქვათ, მე ქართული მართლმსაჯულებით მთლად უკმაყოფილო არ ვარ და ოპტიმიზმი მაქვს. ოპტიმიზმი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მჯერა, რომ არსებობს [სამართლიანი სასამართლო]. ეს ჩემი ოპტიმიზმი თუ სიცარიელეს ეყრდნობა, ძალიან მალე გამოჩნდება. ეს თუ გაკეთდა [სააკაშვილი საზღვარგარეთ არ გადაიყვანეს], მაშინ სასამართლო სისტემის არსებობას აზრი არ აქვს და საერთოდ, ადვოკატების პროფესიას აზრი არ აქვს და მაშინ ბუნტი უნდა დავიწყოთ, რომ - მოგვეცით სამართალი. ხომ ასეა? მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საკითხი ასე მწვავედ და კრიტიკულად არ დგას". - თქვა გელბახიანმა TV პირველის ეთერში.

გელბახიანის თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს საწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნა არ აქვს, რომელიც იმ დასკვნებს გააქარწყლებს, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს. გელბახიანის განცხადებით, მოსამართლე ვერ გამოვა და ვერ იტყვის იმას, რომ ამ მტკიცებულებებს არ იზიარებს.

"როგორ უნდა გამოვიდეს მოსამართლე და თქვას, რომ - არა, ბატონო, თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ მე არაფერს ვიზიარებ. ხელისუფლებიდან დავალება მაქვს და მიხეილ სააკაშვილს ისევ საავადმყოფოში ვკეტავ და სასიკვდილოდ ვწირავო. ამას ვერ იზამს, ამას ვამბობ. პირველ რიგში, ის ადამიანია და სამართლის გარდა, მორალითაც შებოჭილია. მას შვილები და ნათესავები ჰყავს, საქართველოში ცხოვრობს და ასე ადვილი არ არის, რომ ყველაფერზე ცივი წყალი გადაისხა და ამ ქვეყანაში ცხოვრება გააგრძელო". - თქვა გელბახიანმა. 

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩატარდება. სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები