ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

Bloomberg: ჰუსიტებმა ჩინეთსა და რუსეთს უთხრეს, რომ მათ გემებზე იერიშს არ მიიტანენ

M/V Rubymar-ი
Ozan Kose/AFP via Getty Images

იემენელმა ჰუსიტებმა ჩინეთსა და რუსეთს უთხრეს, რომ მათ გემებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ და არ დაესხმებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების თანახმად, თავდაუსხმელობის სანაცვლოდ, ორმა ქვეყანამ შესაძლოა რიგ ორგანიზაციებში, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ჰუსიტებს პოლიტიკურად მხარი დაუჭირონ.

გაურკვეველია, რა ფორმით შეიძლება გამოიხატოს ეს მხარდაჭერა, მაგრამ, როგორც Bloomberg წერს, შესაძლოა ჩინეთმა და რუსეთმა ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დამატებითი რეზოლუციების მიღებას მხარი არ დაუჭიროს.

ჰუსიტები აქამდეც უთითებდნენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ქონებაზე იერიშს არ მიიტანდნენ და ამბობდნენ, რომ ისრაელთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან დაკავშირებულ სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა ჯგუფმა სავარაუდოდ შეცდომით არასწორ გემებზე მიიტანა იერიში.

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირმა, მოჰამედ ალ-ბუხაითიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გადამზიდ ხომალდებზე იერიშებს არ მიიტანენ. 

ბუხაითიმ Izvestia-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იემენის ტერიტორიულ წყლებში რუსულ და ჩინურ გემებს გავლა თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა უსაფრთხო გავლას ვერ დაჰპირდებიან "ზოგიერთი ქვეყნის" ხომალდს, განსაკუთრებით კი ისრაელის. 

13 იანვარს ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა, Ambrey თავის ანგარიშში წერდა, რომ ჰუსიტებმა შეცდომით რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერზე მიიტანეს იერიში. უსაფრთხოების ფირმის ცნობით, გემმა მასთან ახლოს რაკეტის გასროლა დააფიქსირა.

კომენტარები