ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

მედია: ისრაელმა აშშ-ს იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ დარტყმების განახლება სთხოვა

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Kan) ცნობით, ამ კვირაში იემენელი ჰუსიტების მიერ საზღვაო ობიექტებზე თავდასხმების, მათ შორის, ორი ხომალდის გატაცების შემდეგ, ისრაელმა აშშ-ს სთოვა, განაახლოს დარტყმები იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის წინააღმდეგ.

Kan-ის ინფორმაციით, ისრაელმა აშშ-ს უთხრა, რომ ჰუსიტების მიერ გემებზე გახშირებული თავდასხმები "აღარ შეიძლება დარჩეს მხოლოდ ისრაელის პრობლემად" და მოუწოდა "მათ წინააღმდეგ უფრო ინტენსიური, კომბინირებული თავდასხმებისკენ – არა მხოლოდ [ისრაელის] საჰაერო ძალების გამანადგურებლებით, არამედ აშშ-ს მიერ იერიშების განახლებით და დამატებით ქვეყნებთან ერთად კოალიციის შექმნით".

როგორც ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მათ უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ ისრაელი ამ ნაბიჯებს ჰუსიტების მზარდი აგრესიის საპასუხოდ დგამს: "საჭიროა ფართო კოალიცია, რათა ჰუსიტების რეჟიმს აგრძნობინოს, რომ საფრთხეში არიან".


9 ივლისს წითელ ზღვაში ბერძნულ გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 კვლავ დაკარგულად ითვლება.

მანამდე, ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს მსგავს თავდასხმაზე, რომელიც სხვა გემ "Magic Seas-ის" წინააღმდეგ განახორციელეს. "Magic Seas-ის" მთლიანმა ეკიპაჟმა ევაკუირება გემის ჩაძირვამდე მოახერხა.

მაისში კი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰუსიტებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს და აშშ მათზე იერიშების მიტანას შეწყვეტს

მისი თქმით, ჰუსიტები დათანხმდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტებზე გემების გადაადგილებას ხელს აღარ შეუშლიან.

"მათ გვითხრეს, გთხოვთ, აღარ დაგვბომბოთ და ჩვენ აღარ დავესხმებით თქვენს გემებს, ვიღებ მათ სიტყვას და ჰუსიტების დაბომბვას დაუყოვნებლივ შევწყვეტთ". - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას.

კომენტარები