აშშ-მ იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე ახალი იერიშები მიიტანა. ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
დარტყმების სამიზნე იემენის რამდენიმე ტერიტორია იყო, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ კონტროლდება, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქი სანაა, ალ-ჯაუფისა და საადას პროვინციები.
ჰუსიტების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აშშ-ს იერიშებს 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რამდენიმე.
შაბათის იერიშები გაგრძელებაა პარასკევის იერიშებისა, როდესაც აშშ-მ სანაას ცენტრში ჰუსიტების მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
აშშ-მ ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიშების მასშტაბური ტალღა 15 მარტს დაიწყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა ოპერაციის დაწყების შესახებ Truth Social-ზე გამოაცხადა. იგი წერდა, რომ "ირანის დაფინანსებით" ჰუსიტები წითელ ზღვაში ამერიკისა და მოკავშირეების გემებს, თვითმფრინავებსა და დრონებს თავს ესხმოდნენ, რაც აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკას აზარალებს, რის გამოც ჰუსიტებს "ჯოჯოხეთი დაატყდებოდათ თავს".
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში იემენელ ჰუსიტებზე იერიშის დაანონსების გარდა ირანსაც მოუწოდა, ჰუსიტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა და დაემუქრა, რომ აშშ მათ "პასუხს სრულად აგებინებდა".
"ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს! არ დაემუქროთ ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც საპრეზიდენტო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მანდატი მიიღო, ან მსოფლიო საზღვაო ხაზებს. თუ ამას იზამთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა თქვენ პასუხს სრულად გაგებინებთ და თავაზიანები არ ვიქნებით". - წერდა ტრამპი.
ეს ჰუსიტების წინააღმდეგ მიტანილი პირველი იერიშია დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან.
მანამდე, 4 მარტს ტრამპის ადმინისტრაციამ იემენში ჰუსიტების პროირანული დაჯგუფება კვლავ დააბრუნა უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციათა (FTO) სიაში, რითაც მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ანალოგიური გადაწყვეტილება ტრამპმა აშშ-ს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც მიიღო.
ირანის მხარდაჭერით ჰუსიტები 2023 წლის ნოემბრიდან ადენის ყურესა და წითელ ზღვაში გამავალ სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ჰუსიტები ისრაელს მტრად მიიჩნევენ - უთქვამთ, რომ ისინი გემებს პალესტინელების მხარდაჭერისთვის ესხმიან თავს, ხოლო მათი სამიზნე მხოლოდ ის გემებია, რომლებიც ისრაელთან, აშშ-სთან ან გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2023 წლიდან ჰუსიტების სამიზნე სხვა ქვეყნების გემებიც გამხდარან.





