საფრანგეთი-სომხეთი

ატალი: რუსეთი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის არჩევის გამო სომხეთის დასჯას ცდილობს

Reuters

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა, რომ რუსეთი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ღირებულებების არჩევის გამო სომხეთის დასჯას ცდილობს. მისი თქმით, სომხეთი ბოლო თვეების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში ეძებს და ამის გამო რუსეთი სომხეთის დასჯას გეგმავს.

“რუსეთს სომხეთის დასჯა სურს, რადგან სომხეთმა აირჩია დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის გზა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუერთდა” - თქვა გაბრიელ ატალმა.

ამის შესახებ გაბრიელ ატალმა CCAF-ის კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში სომხური დიასპორის წარმომადგენელი ორგანიზაციაა. გაბრიელ ატალმა თავისი გამოსვლისას აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთმა დაუშვა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის აგრესია ყარაბაღში და ძალის გამოყენებით კონტროლის აღდგენა. რუსეთსა და სომხეთს შორის პარტნიორობა ეჭვქვეშ დადგა მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ. სომხეთმა ბოლო თვეების მანძილზე ასევე გამოხატა ინტერესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

კომენტარები