საფრანგეთი-სომხეთი

მაკრონი: თავდაცვის სფეროში სომხეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ

ნიკოლ ფაშინიანი და ემანუელ მაკრონი, 2024 წლის 21 თებერვალი.
ემანუელ მაკრონის X

21 თებერვალს, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პარიზში გამართული შეხვედრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პარიზი ერევანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საფრანგეთი დათანხმდა თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებას და საფრანგეთი ამ საკითხში პირობის შესრულებას გააგრძელებს, რაიმე ესკალაციის სურვილის გარეშე." – თქვა ემანუელ მაკრონმა.

ფაშინიანი: ადრე თავდაცვაში ურთიერთობის 95-97% რუსეთთან გვქონდა, ახლა ეს შეუძლებელია

ამას გარდა მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი 2023 წელს ყარაბაღელ დევნილ სომხებს 29 მილიონი ევროთი დაეხმარება. საფრანგეთის პრეზიდენტი შეეხო სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებასაც. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან სადამკვირვებლო სამუშაოებს ატარებს, გაძლიერდება სტაბილურობის დამყარების მიზნით.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი მხარს დაუჭერს მონდომებას, რომელიც იქნება მიმართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისკენ.

"სიუნიქში მცირე ხნის წინ მომხდარი ინციდენტი ამტკიცებს, რომ ესკალაციის საფრთხე კვლავ რეალურია. საფრანგეთი გააგრძელებს მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობითაა შესაძლებელი." – თქვა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებზე, რასაც 4 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

გასულ თვეებში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე სომხეთმა თავდაცვის სფეროში საფრანგეთთან დაახლოება დაიწყო. ერევანს გადაეცა ჯავშანტრანსპორტიორები, რომელთა გაგზავნას საფრანგეთი უკრაინისთვის აპირებდა.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში ჯერჯერობით ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებენ.

 

კომენტარები