საფრანგეთი-სომხეთი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: ვიკვლევთ სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს

სებასტიან ლეკორნუ
LP/Olivier Lejeune

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ France Info-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარიზში იკვლევენ სომხეთის თავდაცვის საჭიროებებს.

"ვიკლვევთ მათი თავდაცვისა და დაცვის საჭიროებებს". – ციტირებს მინისტრს ფრანგული მედია.

ლეკორნუს თქმით, ყარაბაღში მინდინარე მოვლენებს პირადად აკვირდება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს საკითხი "მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის, ბევრი ფრანგისთვის, ვისაც სომხეთი უყვარს, ან ვისაც კავშირი აქვს სომხეთთან". 

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთმა სომხეთში დააფუძნა თავდაცვის მისია, რომელიც სწავლობს სომხეთის საჭიროებებს.

"[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა: მთლიანობის, სუვერენიტეტის და სომხეთის მოსახლეობის დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. მე სომხეთის თავდაცვის მინისტრი მრავალჯერ მინახავს. მგონი შეიარაღებული ძალების პირველი მინისტრი ვარ, ვისაც სომეხ კოლეგასთან ამდენად ხშირი კონტაქტი აქვს. სომხეთში დავაფუძნეთ თავდაცვის მისია, რომელიც აქამდე არ არსებობდა და რომელიც სომხეთის არმიასთან, სომხეთის ხელისუფლებასთან, ყოველდღიური დიალოგის საშუალებას იძლევა, რათა შევისწავლოთ, თუ საჭიროა, დავაკვირდეთ მათ საჭიროებებს. შესაბამისად, კარი სრულად დახურული არაა". – თქვა ლეკორნუმ ფრანგულ მედიასთან. 

"თქვენი შეკითხვა იყო: შესაძლებელია თუ არა საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია? ამის არ მჯერა. რა თქმა უნდა, ეს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მეთაურის გადასაწყვეტია, კითხვას მათ უნდა უპასუხონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვაკვირდებით თხოვნებს სომხეთის მხრიდან, რათა მათ თავდაცვა შეძლონ, ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ". – უპასუხა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა სამხედრო ინტერვენცია. 

ამას გარდა, 3 ოქტომბერს ერევანს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ესტუმრება.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე ფაქტობრივად სრული კონტროლი დაამყარა, ადგილობრივმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება დაიწყო. ყარაბაღიდან სომხეთში ათიათასობით ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები