ადამიანების გატაცება

მექსიკაში საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ, საელჩო მათ ადგილსამყოფელს არკვევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკაში ქართველების შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს, რომლის ოჯახის წევრებმაც მათ მიმართეს.

"დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საელჩოს მიმართა". - უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მთავარი არხი ერთ-ერთი იმ მოქალაქის ახლობელს ესაუბრა, რომელსაც მექსიკაში ეძებენ.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ბიჭი მექსიკაში 14 მარტს უნდა გადასულიყო. ის ჩემთან, [ესპანეთში] ცხოვრობდა. აქედან წავიდა და სანამ მექსიკაში შევიდოდა, პოლიციას სამჯერ გაექცნენ. საბოლოოდ, მექსიკაში ჩავიდნენ. იქ ჩასვლის შემდეგ, მან სასტუმროდან ფოტოები დადო. მშვიდად და წყნარად ვიყავით და გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 14 მარტიდან კი მისი ტელეფონი გათიშული იყო. 2 დღის განმავლობაში კონტაქტზე საერთოდ არ გამოსულა, ვერაფრით დავუკავშირდით - ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას.

ვფიქრობდით, რომ როგორც ხდება ხოლმე, ის მექსიკის პოლიციაში იყო. როცა იქ ადამიანებს აკავებენ, ტელეფონს აძლევენ. გუშინ კი ამ ბიჭმა ჩემს ქმარს მისწერა, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფება არისო. მან უთხრა, რომ გატაცებულებს შორის 30 ქართველია, მაგრამ სარდაფში სულ 120 კაცი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიანო". - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქის ახლობელი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში. 

მთავარი არხი კიდევ ერთ იმ საქართველოს მოქალაქის ახლობელს ესაუბრა, რომელიც იძებნება. ის ამბობს, რომ მისი ახლობელი მასთან კონტაქტზე მიმოწერის სახით გავიდა.

"მას მხოლოდ შეტყობინების მოწერის საშუალება მისცეს [...] შემდეგ, ტელეფონი წაართვეს და კავშირი გაწყდა [...] სულ 30 ქართველი ჰყავთ და მათ სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ". - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქის ახლობელი, მამუკა ტოროშელიძე მთავარ არხთან საუბარში.

მთავარი არხის ინფორმაციით, 3 დღეა, მექსიკის საზღვართან 30-მდე საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთმა ნარკოკარტელმა გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. არხის ცნობით, ისინი მძევლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. 

მთავარი არხის ცნობით, მათ გატაცებული ქართველების ნაწილისა და მათი ახლობლების მიმოწერის სქრინები მოიპოვეს, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი სარდაფში არიან გამოკეტილები. 

კომენტარები