პორტუგალიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია დემოკრატიული ალიანსი (AD) ლიდერობს, თუმცა, მთავრობაში მოსვლისთვის მათ სავარაუდოდ უფრო მცირე ზომის პარტიების მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდებათ.
AD-ის მემარჯვენეთა კოალიციაში სოციალ დემოკრატიული პარტია (PSD), ქრისტიან დემოკრატიული - სახალხო პარტია (CDS-PP) და ხალხთა მონარქისტული პარტია ერთიანდებიან.
სამი ეგზიტპოლის მიხედვით, კოალიციამ ხმების 29-33% მიიღო, რითაც ისინი პარლამენტში 91-მდე მანდატის მოპოვებას შეძლებენ, მაგრამ მათ უმრავლესობისთვის 116 ადგილის აღება დასჭირდებათ. უფრო მკვეთრად მემარჯვენე პარტია "ჩეგამ" ეგზიტპოლში 14-21.6% აიღო, რაც, სულ მცირე, 40 საპარლამენტო მანდატს გულისხმობს. თუმცა, დემოკრატიული ალიანსი ჩეგასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
2022 წლის არჩევნებში პარტია "ჩეგამ" 7.2% მოიპოვა, რაც სხვა პარტიებთან შედარებით, მხარდაჭერის ზრდის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2022 წლის არჩევნების შემდეგ ჩეგამ პარლამენტში 12 ადგილი მოიპოვა, 2019-ში კი - მხოლოდ ერთი.
იმავე ეგზიტპოლებით, სოციალისტებს არჩევნებში ამომრჩეველთა 24.2-29.5%-მა დაუჭირა მხარი. თუკი ხმები ასეთი პროპორციით გადანაწილდება, რვაწლიანი მმართველობის შემდეგ სოციალისტები ძალაუფლებას დაკარგავენ.