რუსეთი

რუსეთის ФСБ-მ სინაგოგაზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის 2 მოქალაქე მოკლა

ყაზახეთის უსაფრთხოების კომიტეტმა (КНБ) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს ყაზახეთის ორი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ტერაქტის მოწყობის მცდელობისას - ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე წერია.

7 მარტს ФСБ იუწყებოდა, რომ აღკვეთა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ამზადებდა ავღანეთში ISIS-ის საბრძოლო დაჯგუფება "ხორასნის პროვინცია". 

 "დაკავებისას ტერორისტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ФСБ-ს ოფიცრებს და შედეგად, საპასუხო ცეცხლით განეიტრალდნენ". - ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

მოკლული ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ადგილას, ФСБ-ს ინფორმაციით, აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და  თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად საჭირო ნაწილები.

გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, დაღუპულები ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ. მათი წყაროების თანახმად, შემთხვევა 7 მარტს დილით მოხდა, კალუგას რაიონის სოფელ კორიაკოვოში. შედეგად ორი ეჭვმიტანილი მოკლეს - 35 წლის საბიტ აშირალიევი და 32 წლის ჯანიბეკ ტასკულაევი, რომლებიც რუსეთში 28 თებერვალს ჩავიდნენ.

8 მარტს აშშ-ს საელჩომ რუსეთში საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ახლო მომავალში მოსკოვში შესაძლოა მოხდეს ტერაქტი. 

იგივე განცხადებას ციტირებდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი მოქალაქეებისთვისაც.

კომენტარები