რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები ომში დასავლეთის ჩართულობას აჩვენებს

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების ჩანაწერები აჩვენებს დასავლეთის ჩართულობას უკრაინის ომში.

"დისკუსიებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში. ჩანაწერი აჩვენებს, რომ ბუნდესვერი არსებითად და კონკრეტულად განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის გეგმებს ეს არ საჭიროებს რაიმე სამართლებრივ ინტერპრეტაციას და ყველაფერი ისედაც ცხადია". - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, გასარკვევია გერმანელი სამხედროები ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებდნენ, თუ მოლაპარაკებები სახელმწიფო პოლიტიკას ასახავს.

"უნდა დავადგინოთ, ბუნდესვერი ამას თავის ინიციატივით აკეთებს თუ არა. ამის შემდეგ კითხვა ჩნდება: რამდენად კონტროლირებადია თავდაცვის სამინისტრო და რამდენად აკონტროლებს ოლაფ შოლცი სიტუაციას, თუ ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია. ორივე სცენარი ძალიან ცუდია". - თქვა პესკოვმა.


პარასკევს, 1-ელ მარტს, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გერმანელ ოფიცრებს შორის 38-წუთიანი საუბრის აუდიოჩანაწერი Telegram-ზე გამოაქვეყნა. მოსმენილ პირებს შორის გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი ინგო გერჰარციც იყო.

აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები განიხილავენ, შეუძლია თუ არა შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას ხიდის განადგურება, რაშიც ისინი სავარაუდოდ ქერჩის ხიდს გულისხმობენ, რომელიც უკრაინის თავდასხმების სამიზნე 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე რამდენჯერმე გახდა.

როგორც ირკვევა, ჩანაწერის წყარო საჰაერო ძალების ოთხ ოფიცერს შორის გამართული ვიდეო კონფერენციაა. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ვირტუალური შეხვედრა უსაფრთხო ხაზის ნაცვლად, Webex-ის პლატფორმაზე შედგა.

გავრცელებულ საუბარში ოფიცრები განიხილავდნენ, თუ როგორაა შესაძლებელი უკრაინისთვის სამიზნეებზე ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ არ გაჩნდეს განცდა, თითქოს გერმანია პირდაპირ არის კონფლიქტში ჩართული.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გერმანიაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ბუნდესტაგის საპარლამენტო ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ ფონ ნოცის თქმით, "თუკი ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა, ეს უაღრესად პრობლემური შემთხვევა იქნება". გერმანიის მწვანეთა პარტიაში კი თქვეს, რომ დასადგენია, "ეს ერთეული შემთხვევაა თუ სტრუქტურულ უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს".

ამას გარდა, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელებით რუსეთი ცდილობს, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების საკითხზე გერმანიაზე წნეხი გაზარდოს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კვირას განაცხადა, რომ საუბრებისთვის მოსმენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "საინფორმაციო ომის" ნაწილი იყო.

"ეს ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმაა, რისი მიზანიც ჩვენი დაყოფა, ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრაა". - თქვა პისტორიუსმა.

ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი "ძალიან სერიოზული საკითხია".

"ახლა ამას ძალიან ფრთხილად, ძალიან აქტიურად და ძალიან სწრაფად გამოიძიებენ". - თქვა შოლცმა.

კომენტარები